ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში – გამოხმაურებები

21:12, 17.11.2025

საზღვარგარეთ საქართველოს საარჩევნო უბნები აღარ ექნება. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ვალდებულები ხდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად სამშობლოში ჩამოვიდნენ.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებამ დაანონსებისთანავე პოლიტიკური მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. საპარლამენტო განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანად ჩაივლის, რადგან ინიციატივას გიორგი გახარიას პარტიაც აკრიტიკებს. მმართველი პარტია ხმის მიცემის წესის ცვლილებას ინფორმირებული არჩევანის აუცილებლობით და არჩევანის გაკეთებისას გარე ჩარევის პრევენციით ხსნის. არგუმენტი მიუღებელია ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილისთვის, რომელიც გეგმას კონსტიტუციის დარღვევად, ხმის მიცემის უფლების წართმევად და ხმის საყოველთაობის პრინციპის იგნორირებად აცხადებს. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მიზეზი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, უბნების დიდ ნაწილზე ხმები ოპოზიციური პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ გადანაწილდა. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შედეგები საერთო საარჩევნო სურათზე გავლენას ვერ ახდენს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიდან 2024 წელს ხმის მიცემის უფლებით 96 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

მსგავსი