ცვლილებები რეგლამენტში - უთანხმოება ოპოზიციაში

კანონპროექტი, რომელმაც საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში უთანხმოება გამოიწვია.

ერთმანეთს ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი დეპუტატები უპირისპირდებიან. მიზეზი რეგლამენტში შესატანი ცვლილებაა, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციიდან წასულ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალებას მისცემს. ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკუთარი სურვილით წასული ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე არიან. ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივას მხარს, თუმცა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ეჭვი აქვთ, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ხელისუფლებასა და მათ ყოფილ თანაგუნდელებს შორის გარიგების შედეგია. ამ კონტექსტში „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად ორი კვირის წინ გამართულ ხმაურიან კენჭისყრას იხსენებს.