პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიც. მას დეპუტატები კენჭს დღესვე უყრიან. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მინისტრის საათი უქმდება და ინტერპელაციების რაოდენობა იზრდება. Შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დეპუტატები შეძლებენ, საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. ზუსტდება ბოიკოტის მექანიზმის გამოყენების წესი. კანონპროექტის თანახმად, ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტურს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.