დღესვე იმსჯელებენ დეპუტატები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია. „ქართული ოცნების“ ინიციატივა ბრიტანულ კანონმდებლობას ეყრდნობა. ცვლილებების ავტორების განცხადებით, კანონპროექტით მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინდება, შემცირდება დეზინფორმაციის გავრცელება, კანონის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი განისაზღვრება და აქამდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხი გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს, რომ სადავო საკითხების განხილვის უფლება ასევე მიენიჭება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს. კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კიდევ ერთი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების აკრძალვას.