ცვლილებები მართვის მოწმობის აღების წესში

ცვლილებები მართვის მოწმობის აღების წესში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, პირველი ეტაპი – სპეციალური მანევრები ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

შს სამინისტრო განმარტავს, რომ გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც ევროდირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ისე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.