ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში
წიწაკის სპრეის, ელექტროშოკური მოწყობილობის და აკუსტიკური იარაღის შემოტანა, გაყიდვა და გამოყენება, რეგულაციებს დაექვემდებარება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იარაღის შესახებ კანონში და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებებს ითვალისწინებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა მოქალაქეებს აეკრძალებათ და მისი ყიდვა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს და გარკვეულ უწყებებს, ნებართვის საფუძველზე შეეძლებათ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით წიწაკის სპრეის 18 წლამდე მოქალაქე ვერ შეიძენს. სრულწლოვან ადამიანებს კი, რომლებსაც წიწაკის სპრეი თავდაცვის მიზნით სჭირდებათ, მისი ყიდვის უფლება მხოლოდ პოლიციის ნებართვის შემდეგ ექნებათ. აკუსტიკური იარაღის ყიდვას და გამოყენებას, პოლიციის ნებართვით ის პირები შეძლებენ, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ ეს მოწყობილობა თეატრალური წარმოდგენისთვის, კინო გადაღებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის სჭირდებათ. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები.