ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პოლიტიკური შეფასებების თემაა გრანტების შესახებ მიღებული კანონი და დასავლეთის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. ოპოზიცია იზიარებს ამ პათოსს და აცხადებს, რომ როგორც გრანტების კანონი, ასევე ბოლო დროს მიღებული კანონები, საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისკენ არის მიმართული. „ქართული ოცნება“ კი ამ შემთხვევაშიც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და განმარტავს, რომ გრანტების შესახებ კანონი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის მიიღეს.
 
ახალი კანონმდებლობა გააკრიტიკეს ესტონეთის, შვედეთის, ნორვეგიის საგარეო უწყებებმა და ევროკომისრებმა, ასევე ამერიკელმა სენატორმა. ისინი აცხადებენ, რომ კანონი დემოკრატიის პრინციპებს არ შეესაბამება და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.