ვნებათაღელვა პარლამენტის მიერ ბოლოს დამტკიცებული კანონის გარშემო.
შიდა პოლიტიკური მღელვარების გარდა რეაქციები მძიმეა უცხოეთიდან. გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მხრიდან რეპრესიებად და სამოქალაქო საზოგადობის შეზღუდვად ფასდება. საათების წინ პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მესამე სექტორისა და მედიისთვის გათვალისწინებული ყველა გრანტის მთავრობასთან შეთანხმებას ავალდებულებს. არანაკლებ კრიტიკას იწვევს 83 ხმით მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილიც, რომელიც უცხოურ ორგანიზაციებს პარტიებისთვის სემინარების, ლექციების და სხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების მოწყობას უკრძალავს. ხელისუფლება ორივე ინიციატივას ცალკეული ქვეყნებისგან და დონორებისგან მოსალოდნელი საფრთხეებით ხსნის. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში უცხოეთიდან გრანტების ნაწილი ხელისუფლების ძალისმიერი გზით შესაცვლელად და გადატრიალების მოსაწყობად გაიცა. ცალკეული საელჩოების და ევროპელი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის რიტორიკა კიდევ უფრო მკაცრდება.