ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში – გამოხმაურება

18:08, 17.04.2025

გრანტების შესახებ მიღებული კანონის გამო, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს და ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. კანონს მიღებას ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონის მიღება არის კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან.

საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას აკრიტიკებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. კაია კალასი წერს, რომ დაჩქარებულად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას და ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. გრანტების შესახებ მიღებულ კანონზე ღრმა მწუხარება გამოხატა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. მისი განცხადებით, მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ეს კანონი უნდა გაუქმდეს. საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. დასავლეთის კრიტიკულ შეფასებებს თბილისში ეხმაურებიან.

მსგავსი