მესამე სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან, გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ხელში კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საზოგადოება სრულად დაიქვემდებაროს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, გუშინ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მესამე სექტორის შეფასებით, ცვლილებების მიზანი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას ემსახურება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს. უმრავლესობის წევრების შეფასებით, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია – რა თანხები შემოდის ქვეყანაში. უცხოეთიდან გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდება – კანონში ცვლილებების მიხედვით, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.