უცხოეთიდან საქართველოში გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო იქნება. ამისთვის კანონში ცვლილებები მომზადდა. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.