ცვლილებები „გრანტების“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებში 

21:04, 02.02.2026

პარლამენტმა სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო: შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე არ წყდება უარყოფითი გამოხმაურება უცხოეთიდანაც. მთავარი კრიტიკის ობიექტი გრანტების შესახებ კანონპროექტია, რომელსაც ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ოპონენტების და საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრად ნეგატიური შეფასებების ფონზე შვიდ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ყველაზე დიდი მღელვარება გრანტების კანონში მორიგ ცვლილებას მოჰყვა – რატომ გაიზარდა იმ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებსაც გრანტების გაცემამდე მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა სჭირდებათ. მმართველი გუნდი გრანტის განმარტების გაფართოებას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და ქართულ პოლიტიკაში უცხო ძალის ინტერესებისა და გავლენების პრევენციით ხსნის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ გრანტების სახით გადმორიცხული თანხების დიდი ნაწილი დესტაბილიზაციის და ექსტრემიზმის ხელშეწყობაში იხარჯება. არგუმენტი მიუღებელია ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენისას ცნობილი გახდა, რომ კანონი შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს იმ მეწარმე იურიდიული პირისთვის, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის დაწყება სურს.

მსგავსი