ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში 

15:13, 27.05.2026

დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. მსჯელობა სესიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების სხდომებზე.

კანონპროექტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ხათუნა თოთლაძის განმარტებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოკვეთილად არ არის ორიენტირებულნი მომავალი დიპლომატების აღზრდაზე. საგარეო საქმეთა სისტემაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა კი უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. მსურველები ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. პირველ ეტაპზე 70 აბიტურიენტის მიღებაა დაგეგმილი. ცვლილებების თანახმად, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ამ კატეგორიას განეკუთვნებიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, საგარეო უწყებას მიაჩნია, რომ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი – მინისტრი უნდა ფლობდეს.

მსგავსი