ცვლილებები და შიდა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დაანონსებულმა ცვლილებებმა და გადაჯგუფებებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა წარმოქმნა.

მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ არის ერთადერთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოზიციონირებას აკრიტიკებს. ფორმა, რა ფორმითაც თავმჯდომარის პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა ნანუკა ჟორჟოლიანს გამოუცხადა მხარდაჭერა, მიუღებელია გუნდის ზოგიერთი სხვა ლიდერისთვისაც. მათ შორისაა ანა წითლიძე, რომელიც პატიმრობაში მყოფ ლიდერს არასწორ გადაწყვეტილებებზე, კომუნიკაციის არასწორ ფორმებზე და იმ ნაბიჯებზე მიუთითებს, რომლებიც პარტიის შიგნით კრიზისს იწვევს. ფაქტია, რომ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი სოციალური ქსელით ისე გამოაცხადა, რომ ამ საკითხზე წინასწარი კომუნიკაცია არათუ პარტიის წევრებთან, მოქმედ თავმჯდომარესთანაც არ ჰქონია. მის მიერ მხარდაჭერილი ჟორჟოლიანი ექს-პრეზიდენტის დავალებით უკვე მართავს რეგიონებში შეხვედრებს – ერთ თვეში დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა, ექნება თუ არა თავმჯდომარის პოზიციაზე ლიდერის არჩევანს პარტიის წევრთა საკმარისი მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მოსალოდნელია სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც, რადგან მიხეილ სააკაშვილი მის პარტიაში არსებულ ვითარებას კრიზისულად აცხადებს და ირიბად ბოკუჩავასაც აკრიტიკებს, რომელსაც დღეს გუნდის ბირთვთან კომუნიკაციის არ არსებობაზე მიუთითა.