ცრუ განგაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში
ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონის სავარაუდო დაფიქსირების შესახებ შეტყობინების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა. ნატო-მ კი ჰაერში, სულ მცირე, ერთი გამანადგურებელი გაუშვა, თუმცა დრონად მიჩნეული ობიექტი, საბოლოოდ, ფრინველების გუნდი აღმოჩნდა. როგორც ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ნატო-ს გამანადგურებელმა ობიექტის ვიზუალური იდენტიფიცირება მოახდინა, საჰაერო განგაში მოიხსნა, ხოლო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაიდან გამოიძახეს, სადაც ნატო-ს ბალტიისპირეთის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში ამჟამად იტალიის საჰაერო ძალების დანაყოფია განთავსებული.