COVID-19 - ვითარება რეგიონში

რუსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 687 ათასს აჭარბებს, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა კი ექვსი ათასზე მეტია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსით 10 296 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთის ხელისუფლება კი, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.  სომხეთში შეზღუდვები ამჟამად 13 ივლისამდეა ძალაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 12  პაციენტი.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 29 285  შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 503 ადამიანი, 164 კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში, გარდაიცვალა რვა ადამიანი. სულ გამოვლენილია კოვიდ-19-ის 20 837 შემთხვევა. აქედან, 12 182 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 258-ს შეადგენს. ამჟამად აზერბაიჯანში საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 397 პაციენტი.