COVID-19 - ვითარება რეგიონებში

ბოლო 24 საათში, საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული პაციენტი რჩება.

რაც შეეხება სამეგრელოს, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. საავადმყოფოში ამ ეტაპზე 18 პაციენტი მკურნალობს. 449 პირი გამოიკვლიეს გასულ ღამეს კორონავირუსზე ბათუმში. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია. არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

დღის ბოლოს ელოდებიან ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებული 27 პირის ანალიზების პასუხებს.  აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. 30 აპრილის შემდეგ, აქ ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. რაც შეეხება თეთრიწყაროს, დღეისათვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 51-ს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – ცხინვალში, ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის არიან ექთნები და კურსანტები. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ არსებული ინფორმაციით, 35 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს.