COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

„კოვიდ-19“-მა 2020 წელს მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელებული უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო. საერთო ჯამში 82 მილიონზე მეტი დაინფიცირებული, 58 მილიონამდე განკურნებული, მილიონ 800 ათასამდე გარდაცვლილი – ასეთი სურათი გვაქვს საშიში ვირუსის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე. ქვეყნების დიდი ნაწილი ახლა „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს – ის პირველთან შედარებით ბევრად მასშტაბური და მძიმე აღმოჩნდა. მთელი მსოფლიო ახლა იმედს რეკორდულად მცირე დროში – 10 თვეში შექმნილ ვაქცინაზე ამყარებს, რომლის გამოყენება ქვეყნების მცირე ნაწილმა უკვე დაიწყო.