COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 ის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი მილიონი ფაქტი გამოვლინდა. უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. რეკორდულად მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ყოველდღიურად ვირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. რაც შეეხება ევროპას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში ვირუსის 21 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 662 პაციენტი. 12 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ-19 საფრანგეთში, – ეს გასული ერთი დღის მონაცემია. ვირუსს ბოლო 24 საათში 214 პირი ემსხვერპლა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით კი, უჰანში, იმ ქალაქში, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ კოვიდ-19 მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მაისის შემდეგ  ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.