COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში

მსოფლიოს მასშტაბით, დღეს ყველაზე მძიმე სიტუაცია რუსეთშია. მე-11 დღეა, ქვეყანაში ყოველდღიურად ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. ჰოსპიტალური სექტორი ზეწოლას ვეღარ უძლებს, საავადმყოფოები მძიმე პაციენტებით გადატვირთულია. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, პუტინმა შეზღუდვების შერბილების ბრძანება გასცა. პესიმისტური პროგნოზები კეთდება აშშ-თან დაკავშირებითაც. პანდემიის გამო, ყველაზე მეტად დაზარალებული ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნიან – დღეს ევროკომისიამ ტურიზმის გეგმა უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც წინასწარი ვერსიით, სამეტაპიანი იქნება. იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვები ყოველდღიურად მაღალია, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც.