COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

ახალი კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთი პაციენტის დაღუპვის მიზეზი გახდა. საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ლეტალური შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. პაციენტი სახლში მკურნალობდა. დაინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილ მე-19 პაციენტს კოვიდინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ის სახლში გადიოდა მკურნალობას. ეზუგბაიას ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ, ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. დაღუპული ე.წ. ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში სულ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

კოვიდ-19-ის რვა ახალი შემთხვევიდან, ოთხი ბათუმში დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 608 ლაბორატორიული კვლევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ორი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი – იმპორტირებული შემთხვევაა და პაციენტები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, მათგან ერთი საქართველოს, მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  35 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსზე მესტიის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიებში გაგზავნილი 280 ტესტიდან, ერთ პირს სუსტად დადებითი, მეორეს კი, საეჭვო პასუხი დაუდგინდა. სუსტად დადებითი პასუხის მქონე პაციენტი, რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებითვე, ლენჯერის თემსა და დაბა მესტიაში დადასტურებული  შემთხვევების ყველა კონტაქტს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდა. დაბა მესტია და ლენჯერის თემი უკვე მე-15 დღეა ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს