COVID 19-ის ახალი სახეობა დიდ ბრიტანეთში 

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გასცდა. მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ახალი შტამი დაუდასტურდათ ბელგიაში, ავსტრალიასა და იტალიაში ბრიტანეთიდან ჩასულ მოქალაქეებს. ამიტომ მთელი რიგი ქვეყნები გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას წყვეტენ, ნაწილი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი სახეობის კვლევა დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით, ის ახალ კორონავირუსთან შედარებით ბევრად სწრაფად ვრცელდება. ახლა მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა მის მიმართაც ეფექტური „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მეცნიერები ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ  იმის შესახებ,  რომ ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება. სწრაფი გავრცელების მიუხედავად ჯერჯერობით არც იმის მტკიცებულება არსებობს, არის თუ არა ახალი სახეობა სიცოცხლისთვის უფრო საშიში. ახლა განსაკუთრებით საყურადღებოა ის  ფაქტი, რომ შტამს თან ოცზე მეტი მუტაცია ახლავს. ამ ფონზე დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის ლონდონში, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი დონე და მკაცრი კარანტინი უკვე გამოაცხადეს.