COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგები იმ ორი პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ხუთი პაციენტი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ექვსი ახალი შემთხვევა კი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის შემთხვევაში კი ღრმა ეპიდკვლევა დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების ინფიცირების წყარო უკვე დაადგინეს და ახლა მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, რომელთა წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 131 შემთხვევაა გამოვლენილი. განკურნებულია 920 პაციენტი.

ამირან გამყრელიძე  განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს გაჩიანის დასახლებისა და ლილოს ბაზრობის კლასტერებს, თუმცა აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. როგორც ცნობილია, გარდაბანში კოვიდ-19-ის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, გარდაბანში 46 ინფიცირებულია, მათგან 28 სოფელ ყარაჯალარში, რომელიც ჩაკეტილია და ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ.