COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13 მილიონს უახლოვდება. ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 565 189 ადამიანი გარდაიცვალა, 7 005 299 ადამიანი კი განიკურნა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც  გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 61 000 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა, რთული მდგომარეობაა ბრაზილიაშიც, სადაც  დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ით 1000 ადამიანი დაიღუპა.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველდღიურად დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ისევ იზრდება, რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვებს კვლავ ამკაცრებს. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომები მკაცრდება ირანში, სადაც დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა. ბოლო 24 საათში, ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა. ზომები კვლავ გამკაცრდა ისრაელშიც, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი