COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. აშშ-ში  ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონს აღწევს, მათ შორის ვირუსით 331 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია ინდოეთში. ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.  რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზეც. იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 261 პაციენტი კი გარდაიცვალა. საფრანგეთში კი, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის  სამი ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდნეობა ორ მილიონ 500 ათასს აჭარბებს. დიდ ბრიტანეთში კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 34 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიამ 210 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ სახეობას, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით,  კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის კიდევ 4 ქვეყანაში: შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გამოვლინდა.