COVID-19 და ორსულთა ჯანმრთელობა

კორონავირუსმა კიდევ ერთი ფეხმძიმე იმსხვერპლა. 19 წლის გოგო დაჩქარებული საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ის კლინიკაში უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში შევიდა. გარდაცვლილი აცრილი არ იყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით უკვე 13 ორსულია გარდაცვლილი. ფაქტია, რომ „დელტა“ შტამი განსაკუთრებული აგრესიულობით სწორედ ფეხმძიმეებში გამოირჩევა. ამიტომ, ახლა მთელი ყურადღება სწორედ ამ სეგმენტზე გადადის. ორსულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზება ხდება. გეგმაა, რომ შედარებით ნაკლები სიმძიმის პაციენტების მკურნალობა პროფილურ კლინიკაში მოხდეს, რისთვის ექიმების ჯგუფის გადამზადება მიმდინარეობს. პარალელურად, დაწყებულია კვლევა, თუ როგორ მიმდინარეობს ფეხმძიმეებში ვირუსით მკურნალობის პროცესი და სრულდება თუ არა მკაცრად კლინიკური მართვის პროტოკოლი. მონიტორინგის შედეგებამდე, ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთ მიზეზად დაგვიანებულ მიმართვიანობის ასახელებს. ეპიდემიოლოგები ორსულებს ნებისმიერ ვადაზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დატოვე კომენტარი