ცხრა დეპუტატის ინიციატივა და განსხვავებული პოზიციები  

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონ-პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო.

ხმაურიანი განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ თავი შეიკავა იმ ინიციატივის მხარდაჭერისგან, რომლის მიხედვით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.

კომიტეტის გადაწყვეტილებამ გუნდში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. ბესელია თანაგუნდელების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს და კანონ-პროექტის ჩავარდნის მიღმა იუსტიციის საბჭოს კვალს ხედავს.

სადავო კანონ-პროექტის ავტორები ახლა პლენარულ სხდომას ელოდებიან, სადაც მათ მიერ მომზადებული ინიციატივა უნდა გავიდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაირკვევა ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მომავალი სამოქმედო გეგმა და მათი გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი.