ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. მედიკამენტი მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციებს, ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს. პაციენტებმა უკვე დაიწყეს მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები, რომლითაც ფასდება ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზაობა.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. მედიკამენტი განკუთვნილია ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.