ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სასადილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარია დაღუპული, დაშავებულია სამი პირი. პირველადი ვერსიით, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. ორივე დაღუპული ციხის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული ხანძრის კერის დატოვებას ფანჯრის საშუალებით ცდილობდა და მინებიც ჩაამსხვრია, თუმცა გისოსების გამო გარეთ გაღწევა ვერ მოახერხა, მეორე პატიმარი კი მისი დახმარების მცდელობის დროს დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ძლიერი კვამლი სახელდება. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა. ომბუდსმენს კითხვები აქვს და აინტერესებს, რამდენად დროულად მოხდა რეაგირება და რამდენად დაცული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ციხის სასადილოში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 11 სახანძრო მანქანით ცდილობდნენ.