ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების არსებობის რისკი ბავშვთა საკვებში. კომპანია „ნესტლეს“ პროდუქციის რამდენიმე პარტიას უკან გაიწვევენ.
მითითებული კომპანიის პროდუქტები იყიდება ქართულ ბაზარზეც. აფთიაქებიდან და სუპერმარკეტებიდან შესაბამისი პროდუქციის ამოღების პროცესი უკვე დაწყებულია. საუბარია „ნესტლეს“ ე.წ. ხელოვნური რძის პროდუქტებზე, NAN 1-ის და NAN 2-ის რამდენიმე პარტიაზე, რომლებიც წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულში ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელმაც მავნე ტოქსინები შეიძლება გამოყოს. იგულისხმება ტოქსინი ცერეულიდი, რომლის ორგანიზმში ერთჯერადად მოხვედრაც კი სერიოზულ გართულებებს იწვევს. ავტორიტეტული შვეიცარიული ბრენდი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სკანდალში გაეხვა – კომპანიას საეჭვო პარტიები 60-ზე მეტი ქვეყნის ბაზრებიდან გააქვს.