„ჩვენი ქართული ენა“ - საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარება.

წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით.

ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც. პროექტის ფეისბუქგვერდზე – „ჩვენი ქართული ენა“ – პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება. დასმულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები წამახალისებელ საჩუქრებს მოიგებენ.