ჭუბერში, სტიქიის ზონაში საჯარისო ნაწილებს შეიყვანენ

სტიქიის ზონაში დღეს საჯარისო ნაწილებს შეიყვანენ. ამის შესახებ სპეციალური ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ბრძანებულებას პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი ჭუბერში საჯარისო ნაწილები უკვე გაემგზავრნენ.

ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბმა მიმართა. ჭუბერში სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ყველაზე სწრაფად კი სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას შეძლებს. აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

თავდაცვის სამინისტრო ჭუბერში 50 მეტრიან პანელურ ხიდს და 18 ერთეულ სამხედრო საინჟინრო ტექნიკას გაგზავნის.