„ჩრდილოეთ ნაკადის“ ტურბინას ოტავა ბერლინს უბრუნებს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უილკინსონის თქმით, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ევროპის უნარს, მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია, იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ევროკავშირი რუსეთის ნავთობსა და გაზზე უარს ამბობს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი გაზსადენის მუშაობას შეაჩერებს, ეს კი გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენებს, რადგან ზამთრის პერიოდში გერმანელები სახლების გათბობას ვერ შეძლებენ. ივნისის დასაწყისში, „გაზპრომმა“ გერმანიას გაზის მიწოდება, ტურბინების ნაწილების არარსებობის გამო შეუმცირა. კანადაში შეკეთებული ტურბინა საბოლოოდ „გაზპრომს“ გადაეცემა იმისთვის, რომ რუსეთმა ამ თემით სპეკულირება შეწყვიტოს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კიევი ოტავას მოუწოდებდა, არ დაებრუნებინა ტურბინები და ბერლინს ბრალი დასდო, რომ რუსეთის შანტაჟს აჰყვა.