ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა - გახარიას კომისიაზე განმეორებით იბარებენ  

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დამატებითი კითხვები აქვს გიორგი გახარიას მიმართაც, რომელმაც დანარჩენი ოპოზიციონერი ლიდერებისგან გასხვავებული ტაქტიკა აირჩია.

პარლამენტის ლეგიტიმაციის არ აღიარების მიუხედავად, პირველი გამოძახების დროს ყოფილი პრემიერი საგამოძიებო კომისიის კითხვებზე საპასუხოდ საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. თუმცა ასე არ მოხდა დღეს, როცა ის კომისიას მეორედ ჰყავდა დაბარებული. გახარია საქართველოში აღარ იმყოფება და დისტანციურად გამოკითხვას ითხოვს, რაზეც კომისია უარს ამბობს. ექს-პრემიერის ქვეყნიდან წასვლა ხელისუფლებას დამატებით კითხვებს და ეჭვებს უჩენს ჩორჩანაში 2019 წელს განვითარებულ მოვლენებზე, რის გამოც დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას მეორედ იბარებს. ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ექვსი წლის წინ პოლიციის საგუშაგოს გახსნა გამოძიების საგანია პროკურატურაშიც. გახარიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მალევე პრემიერი გახდა, ხელისუფლება გადაწყვეტილების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ევროკავშირის მისიასთან არ შეთანხმებას ედავება და ტერიტორიის ნაწილის დაკარგვაზე მიუთითებს. ბრალდებებს მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს ექს-პრემიერის გუნდი.