ჩხრეკა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში

რა სახის სამართლებრივი რეაგირება დაიწყება „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ – ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უწყებას აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არავინ გამოუკითხავს და არც დაუკავებია. სისხლის სამართლის საქმეებს გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი დეპარტამენტი, მათ შორის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იძიებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლების ჩხრეკისას შვიდ მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი ნივთები, ელექტრომოწყობილობები და დოკუმენტაცია ამოიღეს. სუს-მა განმარტა, რომ სწორედ ამოღებული ნივთმტკიცებების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, რა სახის სამართლებრივი რეაგირება დაიწყება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. ბრიფინგზე გაჟღერდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის გვარიც, რომელიც კორუფციის ბრალდებით ივნისში დააკავეს. ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა.