ჩხრეკა ფონდების დამფუძნებლების სახლებში

ფინანსური ანგარიშების დაყადაღების შემდეგ ჩხრეკა – რამდენიმე ფონდის და სამოქალაქო აქტივისტის სახლები დღეს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩხრეკა ჩატარდა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრ მარიამ ბაჯელიძის და კიდევ სამი ფონდის ხელმძღვანელთა საცხოვრებელ სახლებში. წაღებულია ტექნიკური მოწყობილობები და ტელეფონები. უფლებადამცველი ორგანიზაციები სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობაზე მიუთითებენ და დღევანდელ მოქმედებებს რეპრესიებად აცხადებენ. პროცესში ჩართულ პირთა დასანქცირებას აანონსებს ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა. როგორც ირკვევა, ჩხრეკა იმ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც პროკურატურაში იანვარში აღიძრა. საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება – ასეა ფორმულირებული საქმე, რომლის ფარგლებში ერთი თვის წინ ხუთი ფონდის ანგარიშებს ყადაღა დაედო. ფონდები საქმიანობის მთავარ მიმართულებად ქველმოქმედებას და ჰუმანიტარულ მიზნებს ასახელებენ, სხვა მიზნებზე მიუთითებს ხელისუფლება.