დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, ასევე ჩხრეკა ჩატარდა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლშიც, სადაც ამჟამად მისი ბიძა ცხოვრობს. მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ასევე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ფონდ „ფროსფერითი ჯორჯიას “ დამფუძნებლის, ლაშა არველაძისა და ფონდ „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში. საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ჩხრეკის შედეგად ძირითადად ამოღებულია ლეპტოპები და მობილური ტელეფონები. თავად ფონდების დამფუძნებლები ჩხრეკას მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დევნად აფასებენ.