ჩხრეკა ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და საპროტესტო აქციების აქტივისტების სახლებში – გუშინ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, პოლიტიკური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, „ახალის“ ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში შევიდნენ, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტებშიც“. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისშიც, ბროსეს 6 ნომერში. დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი, ასევ, მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე. ჯამში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირია დაკავებული. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.