ჰონგ-კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, მედიკოსები გაიფიცნენ

ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, ჰონგ-კონგში ასობით მედიკოსი გაიფიცა. კოორნავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა, საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 4 თებერვლიდან გაფიცვას ათასობით ექიმი შეუერთდება. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, ჰონგ-კონგში დაავადებასთან საბრძოლველად არ იქნება საკმარისი ადამიანური რესურსი, თავდაცვითი აღჭურვილობა და საიზოლაციო ოთახები. თუმცა, ჰონგ-კონგის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ამ დროისთვის ჰონგ კონგში გამოვლენილია კორონავირუსის 15 შემთხვევა.