ჩინეთი - „ზე-სახელმწიფოების“ მომავლის მოწინააღმდეგე
14:02, 20.08.2019
აშშ გენერალმა მარკ მილიმ, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული შტაბების კომიტეტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა, სენატში გამოსვლისას განაცხადა რომ უახლოესი ასი წლის განმავლობაში აშშ-სთვის მთავარი საფრთხე ჩინეთი იქნება.
აკვირდებოდა რა აშშ არმიის მოქმედებას ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთმა, ბოლო დროს, ისწავლა ეფექტურად ბრძოლა. „ჩინეთი ჩვენგან სწავლობდა. ისინი ყურადღებით გვაკვირდებოდნენ სპარსეთის ყურეში პირველი ომის დროს. ისინი აკვირდებოდნენ ჩვენს შესაძლებლობებს და მათ დუბლირებას ახდენდნენ. მათ შეითვისეს ბევრი ჩვენი დოქტრინა და სტრუქტურა“ – განუცხადა გენერალმა სენატორებს.
გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი სწრაფად ანვითარებს თავის არმიას და „ძალიან სწრაფად“ ანვითარებს შეიარაღებული ძალების კოსმოსურ კომპონენტს. ის მიისწრაფის საჰაერო უპირატესობის მოპოვებისაკენ, ისევე როგორც უპირატესობისთვის კიბერსივრცეში და ზღვაზე. აშშ-ს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ, საკუთარი უპირატესობა შეინარჩუნოს. აშშ-ს თავდაცვის ახალ სტრატეგიაში, აშშ-სადმი საფრთხეების (მუქარების) ჩამონათვალში ჩინეთს და რუსეთს პირველი ორი ხაზი უჭირავს. სიის ამ პოზიციაზე მათ საერთაშორისო ტერორიზმი ჩაანაცვლეს.
ამ ფონზე ყურადღებას იპყრობს ჩინური გამომცემლობა „Sohu“-ს მიერ ახლახანს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ უახლესმა ჩინურმა გამანადგურებელმა J-20-მა აჩვენა განსაცვიფრებელი ზებგერითი კრეისერული სისწრაფე, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება F-22 -ისას. როგორც ჩინური გამოცემა იუწყება, სრულად აღჭურვილი ჩინური გამანადგურებელი , საბძოლო კრეისერულ სიჩქარეზე გადის 52 კმ-ს წუთში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღწევს 2,5 მახის სიჩქარეს. F-22-ის ანალოგიური სიჩქარე 1.3 მახია, იუწყება „Sohu“.ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ ჩინეთმა თავი დააღწია მდევრის როლს მსოფლიო წამყვანი თვითმფრინავმშენებლების მიმართ, ასკვნის გამომცემლობა.
ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჩინეთმა დაიწყო მუშაობა ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენზეც. ცნობილი ხდება, რომ პროტოტიპად აღებული იქნება ამერიკული B-2A, რომლის საბრძოლო ტვირთის წონა 20-30 ტონაა, ხოლო ფრენის სიშორე – 12 ათასი კმ. ჩანაფიქრის მიხედვით, თვითმფრინავს შეეძლება ფრთოსანი რაკეტების ტარება, ზებგერითი სიჩქარის განვითარება და თითქმის შეუმჩნეველი იქნება რადარებისათვის.
ჩინეთს საფრთხედ მხოლოდ აშშ არ აღიქვამს – ასეთი ზრდის ტემპი და განვითარება საფრთხეს უქმნის რუსეთსაც, რომელიც , მართალია, ოფიციალურ დოკუმენტებში ამას არ აღიარებს, თუმცა ამ ფლანგის გამაგრება კრემლისთვის მაინც პრიორიტეტია. ისტორიას თუ გავიხსენებთ, ყველა ზე-სახელმწიფო ადრე თუ გვიან, თავის არსებობს წყვეტს და მის ადგილას, როგორც წესი, ახალი იჩენს თავს. როგორც ჩანს, ამის პერსპექტივა საკმაოდ რეალურია ჩინეთისთვის, რაც, ალბათ ლოგიკურიც იქნებოდა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.