ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარონ

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაიბარონ. პროკურატურამ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი დასკვნის შესწავლა უკვე დაიწყო.

საუბარია ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. დასკვნის მიხედვით, არამიზნობრივად არის დახარჯული ფედერაციისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები.

აუდიტის სამსახური ყურადღებას რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს. ერთ-ერთის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ფედერაციაში მაღალ თანამდებობაზე საკუთარი შვილი ჰყავდა გაფორმებული და ფედერაციის საერთო სახელფასო ფონდიდან, რომელიც წლიურად 34 ათას ლარს შეადგენდა, 25 ათასი ლარი საკუთარ შვილისთვის ხელფასის სახით ჰქონდა გადახდილი.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე საუბარია ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

ფედერაციის პრეზიდენტი აუდიტის სამსახურის დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმება და ამბობს, რომ დარღვევები, რომელიც ფინანსურმა მაკონტროლებელმა აღმოაჩინა, ინფორმაციის არ არსებობის გამო დაუშვეს და კორუფციას ფედერაციაში ადგილი არ ჰქონია.

მთავარი საგამოძიებო ორგანო საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს თუ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი დასკვნის შესწავლის შემდეგ დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთს.