Chiatura Management Company-ის განცხადება

„ჭიათურ მენეჯმენტ კომპანი“ განცხადებას ავრცელებს: „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის ერთ-ერთს დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ.“

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ არის დაშავებული, რომელსაც ყბა-სახის მოტეხილება დაუდგინდა და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. ასევე ვკითხულობთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.