ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა, ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ მცირე, 427 ადამიანი დააკავეს. ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზელიზეზე გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. გრენობლში მანქანა გულშემატკივრების ბრბოში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში კი 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია, დამნაშავეს ჯერ კიდევ ეძებენ.