ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის ვიზიტი

ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შორის შედგა. სპიკერებმა რეგიონში განვითარებული მოვლენების და ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებაც იმსჯელეს. მილოშ ვისტრჩილის თქმით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.

მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე იყო სუსტი, ახლა კი დადგა ერთიანობის დრო. თავის მხრივ, ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს და ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. მოგვიანებით დაგეგმილია მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ამასთან, მაღალი რანგის სტუმარი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ასევე ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.