ჩეხეთის სენატის კომიტეტის რეზოლუცია - შეფასებები

უმრავლესობაში პოლიტიკური შეფასებების თემაა 12 მარტს ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. დოკუმენტში საუბარია „სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე“, რომელმაც კულმინაციას მიაღწია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. სენატის კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას რეკომენდაციას უწევს, მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

„ქართული ოცნებიდან“ ურჩევენ ევროპელებს, ეუთო-ოდირის დასკვნას დაეყრდნონ, სადაც ნათქვამია, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა არჩევნები. ხოლო შესაძლო დარღვევების შესახებ ოპოზიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა. რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, მმართველი გუნდი ამბობს, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით არ მიმდინარეობდა და დაკავებულები პოლიტპატიმრები არ არიან.