ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 58 წლის ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალს დღეს წარუდგენენ. როგორც ადვოკატმა ბრალდებულთან 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უძილაური დუმილის უფლებას იყენებს და შეხვედრაზე მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე – ბრალის წარდგენასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, ასევე იმაზე, რომ გამოძიების მიერ
საქმის მასალების გადაცემას და მის გაცნობას ელოდებიან. მარიამ ტაბატაძის თქმით, არაა გამორიცხული პროცესი დღესვე ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ გელა უძილაური ორდღიანი ძებნის შემდეგ შსს -ს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში დააკავეს. ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა 14 მარტს მოხდა. ბრალდებულმა ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ჯანგველაძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.