ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ბრალის წარდგენა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 58 წლის ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა მას მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით ედავება. ბრალდებულის ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გელა უძილაური ორ დღიანი ძებნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, თბილისში დააკავეს. ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა 14 მარტს მოხდა. ბრალდებულმა ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ჯანგველაძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.