კიდევ ექვსი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საუბარია 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან აქციაზე დაკავებული პირთა ნაწილზე. მათ საპროცესო შეთანხმება, 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ. გათავისუფლებული პირები არიან გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი. დღესვე, ამავე საქმეზე, სხდომათა დარბაზიდან, 8 პირი გათავისუფლდა. მათაც საპროცესო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ჯამში, პროკურატურას აღიარებით 22-მა პირმა მიმართა და ყველა ბრალდებული გათავისუფლდა. ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისას დაკავებულ პირებს, ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. მათგან 10 პირს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებს, სასჯელი უკვე განესაზღვრათ. ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმებებზე მზაობა, სულ 22-მა პირმა გამოთქვა. შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს.