ჩავარდნილი ამბოხი და არშემდგარი „მშვიდობიანი დამხობის გეგმა“. სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე განმარტებები გააკეთეს თავად ბრალდებულებმა. პაატა ბურჭულაძის თქმით, ის რობოკოპებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების აღკვეთას ცდილობდა. პაატა მანჯგალაძე კი – უარყოფს ერთ-ერთ ორგანიზატორობას და ამბობს, რომ დანარჩენებთან მხოლოდ ერთიანი სურათი აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. ბრალდებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.