ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:11, 20.07.2026

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე განცხადება გააკეთა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ის არის, მისი თქმით პაატა მანჯგალაძე ორგანიზატორი არ ყოფილა. თავად ბურჭულაძის თქმით, ის ამაყია რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია. პროცესზე განცხადება გააკეთა პაატა მანჯგალაძემაც. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად ბურჭულაძესთან გადაღებული ფოტო და სამი სატელევიზიო განცხადება დევს. მისი თქმით, ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს – შვიდი წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და ირაკლი ჩხვირკიას – ხუთი წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მათ ბრალდება სხვადასხვა მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ; ასევე დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ორგანიზებას ედავებოდნენ. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი